კეთილშობილი დაფნა და მისი სასარგებლო თვისებები

დაფნა წარმოადგენს სასიამოვნო სურნელის მქონე, ეთერზეთოვან დეკორატიულ მცენარეს, რომელსაც საგემოვნო თვისებებიც აქვს. დაფნის გვირგვინი და ტოტი ძველთაგანვე დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველი ღმერთის – აპოლონის აუცილებელი ატრიბუტი იყო, ხოლო დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლების, ათლეტურ თუ პოეტურ პაექრობაში გამარჯვების სიმბოლო იყო და არის. იგი უძველეს კოლხეთში მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის უძველესი ბინადარი იყო და მედეა მას მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. მას სიმბოლური მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს. ბრიტანეთში ლითონის მონეტებზე მონარქთა გამოსახულებებს დაფნის გვირგვინი ამშვენებს. ასევე „ფიატისა“ და „მერსედეს–ბენცის“ ემბლემებზეც დაფნის ფოთლებია გამოსახული.

კეთილშობილი დაფნა 8-10მ. სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა დაფნისებრთა ოჯახიდან. იგი შეიძლება იყოს ხეც და ბუჩქიც. ზოგჯერ ტყეში 18მ. სიმაღლის ხეებიც გვხვდება, რომლის ღეროს დიამეტრიც დაახლოებით არის 40სმ. მუქი ნაცრისფერი ქერქით. მისი ნაყოფი არის მოშავო–მოლურჯო ფერის, სურნელოვანი ელიფსისებური ფორმის, მსხვილი კურკებით. იგი ყვავის მარტ–აპრილში, მისი ნაყოფი სექტემბერ–ოქტომბერში მწიფდება. მისი გავრცელების ადგილებია ხმელთაშუა ზღვისპირეთი, მცირე აზიის ტყეები. საქართველოში ფართოდ ვრცელდება დასავლეთ ზღვისპირეთის რაიონებში.

დაფნას აქვს ბევრი სასარგებლო და სამკურნალო მოქმედება მისი შემადგენლობიდან გამომდინარე. სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას.

დაფნის ნაყოფი შეიცავს მოყვითალო ფერის ეთერზეთს (0,8%) – ფიტოსტერინს. ეთერზეთების შემადგენლობაში შედის პინენი და ცინეოლი, ხოლო თესლი შეიცავს 72% ეთერზეთს. ფოთლებში შედარებით მეტი ეთერზეთია (2-3,5%). იგი შეიცავს თითქმის 50%–მდე ცინეოლს და 65%–მდე კიდევ სხვა კომპონენტებს, რომელთა შორის აღმოჩენილია რუტინი. დაფნა შეიცავს ასევე C ვიტამინს დიდი რაოდენობით.

დაფნისაგან დამზადებულ პრეპარატებს გააჩნიათ დამამშვიდებელი, ტკივილგამაყოჩებელი, მადენზიფიცირებელი, დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო მოქმდება. სასარგებლოა ასევე დამბლების, პარეზების, ღვიძლის და ელენთის სიმსივნეების, ყურის ტკივილის დროს. ხალხურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, ნიკრისის ქარის, სპასტიური ტკივილების, შაქრიანი დიაბეტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლ–კენჭოვანი დაავადების დროს.

პრაქტიკულ მედიცინაში იყენებენ დაფნის ფოთლების ნაყენს, ნახშირს, სპირტხსნარს და ზეთხსნარს.

დაფნის ზეთხსნარი შემდეგნაირად მზადდება: წვრილად დაქუცმაცებული 30გ. დაფნის ფოთოლი მოვათავშოთ ჭურჭელში, დავასხათ სელის ან მზესუმზირის ზეთი და დავდგათ ბნელ ადგილას 7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამკურნალო საშუალება ჭრილობაზე დასადებად, შხამიანი მწერებისა და გველის ნაკბენის დროს.