როგორ შევუნარჩუნოთ მოზარდს ტანადობა?

ტანადობის დარღვევის დროს წამყვანია ძვალ–სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სისუსტე, რამაც საბოლოო ჯამში სქოლიოზის ჩამოყალიბებამდე შეიძლება მიიყვანოს მოზარდი. ტანადობის დარღვევის პირველი ნიშნები ვლინდება იმით, რომ ბავშვს არ აქვს სწორად დგომის და სწორად ჯდომის უნარი. კუნთოვანი სისტემის არათანაბარი განვითარების გამო ეს ჩვევად უყალიბდება,  რის გამოც იოგები და მყესები ცუდად ვითარდება ზოგან ზომაზე მოკლეა, ზოგან ზომაზე გრძელი.

ხანგრძლივი მეცადინეობა, რაც ბუნებრივია ამ ასაკში და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა  არის მთავარი ხელშემწყობი. ტანადობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ მოკლე რჩევებს:

  • ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას;
  • საწოლი არ უნდა იყოს ჩავარდნილი;
  • ბალიში კარგად უნდა იყოს მორგებული სხეულზე, უნდა ავსებდეს კეფის და ზურგის ნადრეკებს შორის სივრცეს, უნდა იწყებოდეს მხრებიდან და ბავშვს თავი ისე უნდა ედოს რომ არც წამოწეული ჰქონდეს და არც უკან გადავარდნილი.
  • მერხთან და საწერ მაგიდასთან ბავშვი უნდა იჯდეს გამართული, სასურველია ხელები ეწყოს მერხზე ან ზურგს უკან. გადამწყვეტი მნიშვნელობა კი ენიჭება ტანვარჯიშს, სპორტის სხვადასხვა სახეობებს და სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს. კარგ შედეგს იძლევა მასაჟი, მაგრამ ის პასიური მეთოდია და მხოლოდ დამხმარე საშუალებაა.
  • სასკოლოდ უნდა გამოვიყენოთ ზურგ ჩანთა, რომლითაც სიმძიმე გადანაწილდება ორივე მხარეს თანაბრად. დაუშვებელია ისეთი სახის ჩანთის გამოყენება, რომელიც ტვირთავს მხოლოდ ერთ მხარეს.

რაც შეეხება სპორტულ აქტივობას, ხშირად როდესაც სახეზე გვაქვს ტანადობის დარღვევის ნიშნები მოზარდი მიყავთ  ცურვაზე. ცურვა კარგია, მაგრამ იგი ავითარებს მოქნილობას და ჯობია ცურვაზე მიყვანამდე ჯერ გავუმაგროთ კუნთები და მერე განვავითაროთ მოქნილობა.

  • მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს თუ:
  • ბავშვი სწორად არ ზის;
  • ფეხებს სწორად არ დგამს;
  • იხრება;
  • იოლად იღლება და ხშირად უჩნდება წამოწოლის სურვილი.

ამ ნიშნების გამოვლენისას მოზარდი აუცილებლად უნდა ნახოს  სპეციალისტმა.